ტრიუმფი XPERTSTEM Boston Elite Final 2026-ზე
- Jun 30
- 1 min read
ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლისა (GAHS) და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის ვაკის ფილიალის (GAHSV) დელეგაციამ ღირსეულად წარმოადგინა საქართველო საერთაშორისო STEM ოლიმპიადის XPERTSTEM Boston Elite Final 2026-ზე, რომელიც მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნის საუკეთესო მოსწავლეებს აერთიანებს.
ოლიმპიადის ფინალში მონაწილეობისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა ჩვენი სკოლების 23 მოსწავლე და 4 მენტორი. კონკურსში მონაწილეობის პარალელურად დელეგაციამ მიიღო მონაწილეობა მრავალფეროვან საგანმანათლებლო პროგრამაში, რომელიც მიზნად ისახავდა მოსწავლეებისთვის საერთაშორისო აკადემიური გარემოს გაცნობას.
ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა დაათვალიერეს ბოსტონისა და ნიუ-იორკის ღირსშესანიშნაობები, ასევე ესტუმრნენ მსოფლიოს ორ წამყვან უნივერსიტეტს — ჰარვარდის უნივერსიტეტსა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტს (MIT). კამპუსების ტურის დროს მათ გაეცნენ უნივერსიტეტების ისტორიას, სასწავლო პროგრამებს, კვლევით შესაძლებლობებსა და სტუდენტურ ცხოვრებას.
საერთაშორისო ფინალი ჩვენი დელეგაციისთვის განსაკუთრებული წარმატებით დასრულდა. GAHS-ისა და GAHSV-ის მოსწავლეებმა მოიპოვეს:
6 ოქროს მედალი;
4 ვერცხლის მედალი;
13 ბრინჯაოს მედალი;
საერთაშორისო ფულადი პრემიები.
XPERTSTEM - არის ცოდნის გაღრმავების, საერთაშორისო გამოცდილების მიღების, კულტურათაშორისი თანამშრომლობისა და ინოვაციური აზროვნების განვითარების უნიკალური შესაძლებლობა. მონაწილეებმა შეიძინეს ახალი ცოდნა, დაამყარეს მეგობრული კავშირები სხვადასხვა ქვეყნის თანატოლებთან და კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს ქართველი ახალგაზრდების მაღალი აკადემიური პოტენციალი საერთაშორისო ასპარეზზე.
ეს წარმატება თითოეული მოსწავლის შრომის, მენტორების პროფესიონალიზმისა და ჩვენი სკოლების STEM განათლების მაღალი სტანდარტის შედეგია. ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეების მიღწევებით და გვჯერა, რომ მსგავსი საერთაშორისო გამოცდილება მათ მომავალ წარმატებებს კიდევ უფრო გააძლიერებს.

