FC Dinamo Tbilisi ფეხბურთელები სტუმრად GAHSV-ში
- Jun 8
- 1 min read
FC Dinamo Tbilisi ფეხბურთელები ქართულ-ამერიკულ სკოლას ესტუმრნენ!
დღეს ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული, სპორტული და საზეიმო განწყობა სუფევდა! FC Dinamo Tbilisi-ს ფეხბურთელებმა GAS-ელებს დაუვიწყარი დღე აჩუქეს.
შეხვედრა სკოლის ბიბლიოთეკაში დაიწყო, სადაც ბავშვებმა ფეხბურთელებს საინტერესო კითხვები დაუსვეს. მოსწავლეებმა მეტი გაიგეს მათი სპორტული კარიერის, წარმატების და ყოველდღიური რეჟიმის შესახებ. ინტერვიუების შემდეგ განსაკუთრებული ემოციების დრო დადგა - ბავშვებმა სამახსოვრო ავტოგრაფები მიიღეს.
დღის ყველაზე სახალისო ნაწილი სკოლის მოედანზე გაგრძელდა! მხიარული შეძახილების, ჟრიამულისა და ემოციური ქომაგობის ფონზე, პროფესიონალებმა და მოსწავლეებმა ერთად, მხარდამხარ ითამაშეს.
დინამოელებმა სკოლას უძვირფასესი საჩუქარი - გუნდის წევრების სამახსოვრო ავტოგრაფებით დამშვენებული „დინამოს“ საიუბილეო მაისური გადასცეს, რომელიც ჩვენი სპორტული კუთხის საპატიო ადგილს დაიკავებს!
მსგავსი შეხვედრები ბავშვებში სპორტის სიყვარულს, გუნდურობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
დიდი მადლობა FC Dinamo Tbilisi-ს ამ თბილი, შთამაგონებელი და მოტივაციით სავსე დღისთვის!

